Accessibility links

site logo site logo

ოხანაშვილი: კანონია გარანტი, დამნაშავეებს ხელს ვერავინ დააფარებს


შს სამინისტროშიც რომ მუშაობდეს, ვერავინ გაბედავს დამნაშავეებს დააფაროს ხელი, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში სავარაუდო დამნაშავე პირების გამოვლენის საკითხზე.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის გარანტს კანონი წარმოადგენს.

„ნებისმიერი პირი, რომელიც იძიებს, იკვლევს, შემოწმებას ახდენს სამსახურეობრივად კონკრეტული პირის შესაძლო გადაცდომებს ან დანაშაულს, ვალდებულია კანონზე დაფუძნებით იმოქმედოს და ვერავინ გაბედავს იმას, რომ თუნდაც შს სამინისტროში მუშაობდეს, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს.

ამის გარანტია კანონი და ამის გარანტია საპარლამენტო კონტროლი შემდგომ... და ამის გარანტი არის ხელმძღვანელი იმ უწყების, რომელ უწყებასაც ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელები. კანონზე დაფუძნებით ვუდგებით ჩვენ ყველა საკითხს და ჩვენთვის ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი “, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, უკვე შედეგია ის, რომ რამდენიმე სამართალდამცველს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება და რამდენიმეზე ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„მიმდინარეობს როგორც სამსახურეობრივი შემოწმება (შს სამინისტროს) გენერალური ინსპექციის მეშვეობით, რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი და თუ გამოიკვეთება ეს ნიშნები, შემდეგ პროკურატურა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და რამდენიმე პირის მიმართ, თუ არ ვცდები, ორ თუ სამ პირთან მიმართებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, დანაშაულის ნიშნებთან მიმართებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ბოლო უცვლელ მოთხოვნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.

ამასთან, აქციის მონაწილეები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ გიორგი გახარიას პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ობიექტური გამოძიების ჩატარება იმ სამართალდამცველებთან მიმართებით, რომლებმაც 20-21 ივნისს გადაამეტეს უფლებამოსილებას აქციის დაშლის პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG