Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მატარებლებში მგზავრებს რუსულად აღარ მიმართავენ


Stadler-ის ფირმის ორსართულიან მატარებლებში, თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშრუტზე, მგზავრებს რუსულ ენაზე აღარ ესალმებიან და ამ ენაზე აღარც სხვა სახის ინფორმაციას აცხადებენ. ეს ფაქტი თვალშისაცემია არაერთი მგზავრისთვის.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ეს ცვლილება არ უკავშირდება რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს.

„უკვე 4 თვეა, რაც მატარებლებში მგზავრებისთვის განკუთვნილი ტექსტები რუსულად აღარ ცხადდება. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, რადგან ინფორმაციის სამ ენაზე გამოცხადება ძალიან დიდ დროს მოითხოვდა და მგზავრებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. არჩევანი შეჩერდა ინგლისურზე, როგორც საერთაშორისო ენაზე“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

მგზავრების გარკვეული ნაწილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მატარებელში რუსულ ენაზე ინფორმაცია მოისმინა მარტში, აპრილსა და მაისშიც. თუმცა ზოგიერთები არც იმას გამორიცხავენ, რომ უბრალოდ ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ და იგულისხმეს, რომ ჩვეულებისამებრ რუსულადაც გამოაცხადებდნენ.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, სამ ენაზე (ქართულად, ინგლისურად და რუსულად) ინფორმაცია თავის დროზე ჩაიწერა ბელორუსიაში, საიდანაც საქართველოს მიაწოდეს Stadler-ის ფირმის ორსართულიანი მატარებლები.

შვეიცარიული კომპანია Stadler-ის ორსართულიანი მატარებლის რამდენიმე შემადგენლობა საქართველომ 2016 წლის გაზაფხულზე შეიძინა. თბილისი-ბათუმის მარშრუტზე ამ მატარებლებმა მოძრაობა იმავე წლის ივლისიდან დაიწყეს.

XS
SM
MD
LG