Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართა


სამოქალაქო აქტივისტები და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სოლოლაკში.

"რუსეთი ოკუპანტია", "გახარია წადი", - ასეთი სლოგანებით დაიწყო ავტომობილების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან. მანქანების კოლონის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემართა.

როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თათუშა არველაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს აქტივობები მათი ორგანიზებული არ იყო; თუმცა მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ემსახურება აქციების მთავარ მოთხოვნას - შს მინისტრის, გიორგი გახარიას პოსტიდან გადაყენებას.

„მივესალმებით ყველა დამატებით აქტივობას, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფი პარალელურად დაგეგმავს. თავისუფალია ყველა, რომ დამოუკიდებლად შეიტანოს წვლილი საერთო საქმეში. საზოგადოების არაერთი ჯგუფი ჩაერთო უკვე ამ პროცესში და ეს მისასალმებელია“, - ამბობს თათუშა არველაძე.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ბოლო უცვლელ მოთხოვნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.

ამასთან, აქციის მონაწილეები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ გიორგი გახარიას პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ობიექტური გამოძიების ჩატარება იმ სამართალდამცველებთან მიმართებით, რომლებმაც 20-21 ივნისს გადაამეტეს უფლებამოსილებას აქციის დაშლის პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG