Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ახალგაზრდები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ


რუსთავში გაიმართა აქცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გურამ ლაცაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის პროცესში რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

"მათი გვარების დასახელებას აზრი არ აქვს, მთავარი დამნაშავე გიორგი გახარიაა", - განაცხადა ლაცაბიძემ.

აქციის 10-მდე მონაწილე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა და ზებრა გადასასვლელზე დგებოდა იმ დროს, როდესაც მძღოლებისთვის შუქნიშანი წითელს ანთებდა. მწვანე შუქის ანთების შემდეგ კი, ახალგაზრდები მძღოლებს გზას უთავისუფლებდნენ. ასე განმეორდა რამდენჯერმე.

შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ბოლო და უცვლელი მოთხოვნაა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.

აქციის მონაწილეები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ გიორგი გახარიას პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ობიექტური გამოძიების ჩატარება იმ სამართალდამცველებთან მიმართებით, რომლებმაც 20-21 ივნისს გადაამეტეს უფლებამოსილებას აქციის დაშლის პროცესში.

XS
SM
MD
LG