Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას ელექტრონულ სამაჯურს სავარაუდოდ 4 ივლისს გაუკეთებენ


ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთების საკითხზე გენერალურმა პროკურატურამ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. პროკურატურა აცხადებს, რომ სწორედ სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკურ მხარეს და მონიტორინგის შედეგებს გამოძიებას მიაწვდის.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება ნიკა მელიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით დაეკისრა.

"სამაჯურზე დამიკავშირდებიან და ან ხელზე იქნება, ან ფეხზე... ამათ, მე მგონი, მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა "ქართული ოცნების" დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი",- თქვა სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა დეპუტატმა მელიამ.

როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამაჯური შესაძლოა 4 ივლისს გაუკეთონ.

„ეს იქნება პირველი სამაჯური, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების შემთხვევაში გაუკეთებენ ამა თუ იმ პირს. პროკურატურას ეს პრაქტიკა ჯერ არა აქვს და ამიტომ მიმართა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა კონდახიშვილმა.

XS
SM
MD
LG