Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარე პროტესტის მეთოთხმეტე დღეს ბათუმში რიგით მერვე აქცია გაიმართა


„გახარია წადი“,- ბათუმში, ევროპის მოედანზე მერვედ შეიკრიბნენ საორგანიზაციო ჯგუფის „ბათუმი თავისუფლებისთვის“ - ს წევრები. სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალურ მოედანზე გამოფინეს ისტორიული ადამიანების ფოტოები, რომლებიც მეფის რუსეთისა და შემდეგ ბოლშევიკური რუსეთის დროს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

ილია ჭავჭავაძეს, მარო მაყაშვილს, მიხეილ ჯავახიშვილს, გალაკტიონ ტაბიძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და სხვებს შავ-თეთრ ფოტოებზე ცალი თვალი წითელი ლენტით აქვთ დაფარული, წარწერით- 20%. აქციის მონაწილეები ამით საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აპროტესტებენ, რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებენ და საქართველოს შსს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„ყველას გვახსოვს, თუ რის გამო დაიწყო ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი რუსთაველის გამზირზე - ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა! მარო მაყაშვილი სწორედ ამიტომ არის ჩვენი დღევანდელი აქციის სიმბოლო!“, - წერია აქციის მონაწილეთა გზავნილზე. ფოტოგამოფენის ავტორი ბათუმელი აქტივისტი ნატა ჩახვაძეა.

ბათუმელი აქტივისტები და სტუდენტები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გამოუცხადეს სოლიდარობა. სოციალურ ქსელში შექმნეს დახურული ჯგუფი „ბათუმი თავისუფლებისთვის“, სადაც 160 წევრია.

ისინი იზიარებენ თბილისელი აქტივისტების მოთხოვნებს, რომელთაგან შეუსრულებელი დღეს დარჩა- გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარია.

XS
SM
MD
LG