პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიგი უგულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და პერსონალურად ბატონო გახარია. მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მზად ვარ, თუნდაც ხვალ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ უზრუნველყოთ. მადლობა.
პ.ს. ტელეკომპანია პირველის კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმპოლის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ.“
როგორც მოგვიანებით გიგი უგულავამ ტელეკომპანია „რუსთავი2-ს“ განუცხადა, მან უწყისი არ ჩაიბარა, თუმცა გამოკითხვას არ გაურბის:
„ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მივცე ჩვენება და მოვყვე ის უბედურება, რაც გახარიამ მაღალი ალბათობით ივანიშვილის დავალებით დააწია აქ რუსთაველზე საკუთარ ხალხს“, - განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბარში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ რამდენიმე კოლეგასთან ერთად 2 დღით მიემგზავრება მივლინებით გერმანიაში და უკან კვირას 11 საათზე დაბრუნდება. „ამიტომ თუ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა ძალაშია და ან აინტერესებთ ჩემი ჩვენება, ეს უზრუნველყონ ან ხვალ, ან ან მომავალ კვირაში ნებისმიერ დროს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაბარებულია სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.