აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მზადაა კონსულტაციები დაიწყოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე 8 ოპოზიციური პარტიის მიმართვას.
"ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მექანიკურად ვერ გადმოვიტანთ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები ოპოზიციასთან, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
იგი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების დროს აღნიშნა, რომ ღიად ტოვებდა არჩევნების შერეულ სისტემასთან დაკავშირებულ დისკუსიას და თემაზე მსჯელობა ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი.
რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმის ჩართულობის ცენტრში ხელი მოაწერეს მიმართვას საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.
მიმართვის ტექსტის ადრესატია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მიმართვაში წერია, რომ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც.