Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: 20 ივნისის ღამით პოლიციამ ჭარბი საპოლიციო ძალა გამოიყენა


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის (EMC) შეფასებით, 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა.

თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი.

„პოლიციას არ გააჩნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა, მან მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკარად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია“, - წერს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.

„20 ივნისი, წინა წლების აქციების (მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ძალადობრივი დაშლის მძიმე პოლიტიკური და სოციალური გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ინსტიტუციონალური ძალადობის პრაქტიკაზე მიუთითებს და სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ასუსტებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ

  • მომხდარიდან გამომდინარე, შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა,
  • პროკურატურამ გონივრულ ვადებში აწარმოოს გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხიმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით.
  • გამოძიების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ასპექტებზე;
  • ასევე დროულად უნდა იყოს გამოძიებული 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ და სხვა ტერიტორიებზე მომიტინგეთა ნაწილის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდები,
  • უნდა გამოიძიონ თვითნებური და უსაფუძვლო დაკავების, ისევე როგორც დაკავებისას და შემდგომ შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები;
  • გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დროულად უნდა
  • მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაზარალებული პირებისა და მათი წარმომადგენლების უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა და პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლის რეალური განხორციელების ხელშეწყობა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადოდ გაანალიზდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენების და დემონსტრანტთა ფართო მასების მართვის მიმართულებით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოკვეთა და მათ ინსტიტუციურ დონეზე უპასუხოს;
  • ხელისუფლებამ აქციის შედეგად დაზარალებულ პირებს სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების კუთხით.
XS
SM
MD
LG