Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას განიხილავს


ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გაიმართება დისკუსია საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ დესტრუქციულ ქმედებებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. რეზოლუციის ტექსტში ასევე დეტალურად არის აღწერილი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

რეზოლუციის ტექსტში ყურადღება მახვილდება დისკრიმინაციაზე, ადამიანების გატაცებაზე, გამოუძიებელი მკვლელობებზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნაზე. ხაზგასმულია ასევე დევნილთა ღირსეული დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების არარსებობა და რუსეთის პასუხისმგებლობა ამ კუთხით. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ როდესაც თემა ეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებს, აუცილებელია საპასუხო საერთაშორისო აქტივობის გაძლიერება და გამკაცრება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს რუსეთის დელეგაციაც, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეზოლუციის ჩაგდებას. სესიის მიმდინარეობის პროცესში მოსალოდნელია მწვავე დისკუსია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ საქართველოს პოზიციას მხარს დაუჭერენ ეუთოს წევრი ქვეყნები.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს მიღებული ძალიან მკაცრი დოკუმენტები რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. მიუხედავად მოსალოდნელი დიდი წინააღმდეგობისა, იმედი მაქვს საქართველოს პოზიციას ეუთოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ექნება”- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია უმასპინძლებს პარლამენტარიზმის მე-100 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას. ამავე სესიაზე საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს ბიუროს ახალ შემადგენლობას და ასევე გაიმართება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და კომიტეტების ხელმძღვანელების არჩევნები. წინასწარი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია (EPP) მხარს დაუჭერს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის ახალი ვადით არჩევას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია 4-8 ივლისს ლუქსემბურგში იმართება. სხდომებში მონაწილეობს ეუთოს 57 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი. სესიის ძირითადი თემაა "პარლამენტების როლი უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის".

XS
SM
MD
LG