Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: დაისჯება ყველა, ვინც ძალას გადაამეტა


„ქართული ოცნების“ გენმდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დაისჯება ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალას გადაამეტა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს.

„კანონზე მაღლა არ დგას არავინ, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ყველა, ვისაც აქვს ჩადენილი დანაშაული იმ კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით - იყო ცალკეული ეპიზოდები. აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი“. - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას - დასაჯერებელია თუ არა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელი გაბედავდა, რომ შს მინისტრის ნებართვის გარეშე ესროლა ადამიანებისთვის დამიზნებით? - კახა კალაძემ შეკითხვითვე უპასუხა.

„თქვენ გჯერათ იმისი, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა მათ, რომ თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ? ... ამაზე მინისტრმაც გასცა პასუხი ჟურნალისტებთან შეხვედრისას... კონკრეტული პასუხი იყო, რომ პასუხისმგებლობას იღებს გიორგი გახარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

4 ივლისს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ 20-21 ივნისის ღამით დაშავებულებისთვის აუცილებლად გაიცემა კომპენსაციები.

„გუნდში მიმდინარეობს მუშაობა და კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია. მაღალი კრიტერიუმები იქნება აღებული“, - განაცხადა კალაძემ.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.

XS
SM
MD
LG