თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გურამ ფალავანდიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს:
"აბსურდული მიზეზით დამაკავეს. მეუბნებიან, თითქოს, პოლიციას შევაგინე და წინააღმდეგობა გავუწიე. ადრე გამიწევია წინააღმდეგობა, ამ შემთხვევაში მანქანაში ჩავჯექი, მითუმეტეს არ შემიგინებია. უბრალოდ ეს იყო მიზეზი, რომ იმ დღეს მოვეცილებინეთ, რადგან ხალხში დაძაბულობა იყო. არაფერი არ მოხდება, წესით არც ადმინისტრაციული სახდელი დამეკისრება.
არც შემიგინებია და არც წინააღმდეგობა გამიწევია.ყოფილა შემთხვევა, გადამიხდია ჯარიმა, ღირსიც ვყოფილვარ, ამ შემთხვევაში არაფერი გამიფუჭებია", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
სასამართლო სხდომაზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე მსჯელობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, "სახალხო ლეგიონის" შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
სამინისტრო განმარტავს, რომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდა.
ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.