„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება დადგენილების პროექტი, რომელიც 20 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განმარტებით, ოპოზიცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებს „გავრილოვის სიის“ შედგენის წინადადებით მიმართავს..
„გახსოვთ, რომ როდესაც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლა არ იყო მიზანშეწონილი, მათ განაცხადეს, რომ გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული და სწორედ ამიტომ ვერ აღკვეთდნენ მის მიერ საზღვრის გადმოკვეთას.
ჩვენი დადგენილების პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არამიზანშეწონილია.
იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს მივმართავთ დადგენილების პროექტით პარლამენტს, რომ 20 ივნისს გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული სხდომა პარლამენტში შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
უნდა დადგინდეს იმ პირთა წრე, ვინც გავრილოვი მოიწვია, უზრუნველყო სხდომის ჩატარება. ასევე, უნდა განისაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც არიან 20-21 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე ითხოვს იმ პირთა წრის განსაზღვრას, ვინც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას.
ფრაქცია მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, სიის დადგენის შემდეგ მასში შესულ პირთა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გასატარებელი სანქციებიც შემუშავდეს.
სია და სანქციები პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ გათვლებით, პარლამენტში განსახილველად 2 თვის ვადაში უნდა იყოს წარდგენილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს,რომ ინიციატივა პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შევიდეს.