„გახარია წადი“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „არ შეგრჩება გავრილოვის ღამე“ - ამ შინაარსის პლაკატებით ქუთაისში საოლქო პროკურატურასთან აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.
ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და მისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
„მოვითხოვთ დაისაჯოს ჯალათი გახარია და პასუხი აგოს 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამისთვის“. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით, აქციებს გავაგრძელებთ მინისტრის გადადგომამდე. ვითხოვთ, რომ დაიბარონ გიორგი გახარია პროკურატურაში და დაკითხონ. მინისტრი, რომელიც გასცემს ხალხის საწინააღმდეგო - დარბევის ბრძანებას, თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდეს“, - აცხადებს აქციის მონაწილე თედო მესხი.
აქციის მონაწილის, ნინო თვალავაძის განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ახალგაზრდები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
„„თუ საჭირო გახდება მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რათა სხვა დროს ახალგაზრდები აღარ დაშავდნენ. მოვუწოდებთ ყველას, ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ, შემოგვიერთდნენ და ერთად დავგმოთ რუსეთის ოკუპაცია და 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგები“, - ამბობს თვალავაძე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახლგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, მსვლელობა- პერფორმანსები და პროტესტის სხვა ფორმები ყოველდღიურად დაიგეგმება მანამდე , ვიდრე მინისტრი არ გადადგება.