Accessibility links

რუსი პრანკერი ლექსუსი: არ შემინიშნავს აგრესიული რუსოფობია


რუსი პრანკერი ლექსუსი - რომელიც ურეკავს პოპ ვარსკვლავებს, საჯარო პირებს, პრეზიდენტებსაც, თავს სხვა ადამიანად აჩვენებს და უხერხულ სიტუაციებში აგდებს - საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე რამდენიმე დღეა დადის. ამბობს, რომ დემონსტრანტებს ესაუბრება, აგრესიულ რუსოფობიას ვერ გრძნობს და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოზე ახალი პრანკიც გაითამაშოს.

როგორც რუსეთის დამოუკიდებელი მედია წერს, ლექსუსის, იგივე ალექსეი სტოლიაროვის საქმიანობა, "რატომღაც" მუდმივად ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. თბილისში მისი ვიზიტის შესახებ სტოლიაროვს რადიო თავისუფლება ესაუბრა.

- შეიძლება გავიგოთ თქვენი ჩამოსვლის მიზეზი? დაკავშირებულია თუ არა ის აქციებთან, რომელიც მე-16 დღეა თბილისში მიმდინარეობს?

არა, არაა დაკავშირებული. ამ ზაფხულს ისედაც ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას. სამწუხაროდ, როგორც იცით, ფრენები გააუქმეს, ამიტომ გადავწყვიტე ახლა ჩამოვსულიყავი, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასე დაემთხვა.

- რას ფიქრობთ აქციებზე? გასაგებია თქვენთვის რას აპროტესტებენ იქ შეკრებილი ადამიანები?

ადამიანებს ვესაუბრები, მათ შორის, მიტინგებზე. მე არ შემინიშნავს აგრესიული რუსოფობია. ჯერ ერთი, დავდივარ კეპით [რომელსაც აწერია] რუსეთი, მეტიც, მაცვია Russia Today-ის მაისური. რასაც მივხვდი არის ის, რომ მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მოქმედი ხელისუფლების გადადგომას. ეს საქართველოს შიდა პრობლემაა.

- კი, ადამიანები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, მაგრამ აქცია, ასევე, ანტისაოკუპაციოა.

შეხედეთ, დავდივარ საქართველოში და რა?!

- მე არ მითქვამს, რომ თქვენ ხართ ოკუპანტი, ალექსეი. უბრალოდ მაინტერესებდა, გესმით თუ არა, რას აპროტესტებენ ადამიანები.

სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. უფრო სწორად, გავიგე, რომ ეს [სერგეი] გავრილოვი, დეპუტატი, [საქართველოს პარლამენტის სპიკერის] სავარძელში დაჯდა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, რატომ დაიწყო მიტინგი ამის გამო. მე არც ისე კარგი აზრის ვარ ამ დეპუტატზე.

- კრემლში “რუსოფობიური ისტერია” უწოდეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტიდან გაძევებას და საზოგადოების პროტესტს. კრემლის ამ რიტორიკას საქართველოში ბევრი აფასებს როგორც რუსულ პროპაგანდას. ეთანხმებით კრემლს?

ვიღაცას ალბათ აქვს, მაგრამ ეს არაა ყველა ქართველის პოზიცია. ვიტყვი, რომ ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ქართველებთან კარგი დამოკიდებულება მაქვს.

- აქციაზეც ვერ იგრძენით “რუსოფობიური ისტერია”?

არა. მშვიდად დავდივარ. ვკითხულობდი, რას აპროტესტებდნენ, ყველამ მითხრა, რომ ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და არა რუსეთსა და რუსებს.

ყველამ მითხრა, რომ ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და არა რუსეთსა და რუსებს
ალექსეი სტოლიაროვი

- რუსეთის ხელისუფლებაზეც არაფერი უთქვამთ?

არა, არც ხელისუფლებაზე და არც ოკუპაციაზე. კი, იქ ვნახე მაისურები “Russia is an occupier”, თუმცა მივედი და ვიკითხე: მე ვარ სტუმარი თუ “occupier”? ეს კაი დიდი თავსატეხია. მე მაინც მგონია, რომ პირველი ვარ.

- გამოსვლების დიდი ნაწილი რუსული ოკუპაციისა და პუტინის პოლიტიკის მიმართ კრიტიკაა. რას გრძნობთ, გწყინთ?

ეს მათი უფლებაა. თქვან რასაც ფიქრობენ. თითოეულ მხარეს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. თუმცა ხალხის მიმართ, კონკრეტულად ჩემ მიმართ, მე არ დამინახავს არანაირი რუსოფობია. მე პირიქით მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ფრენების აკრძალვის წინააღმდეგიც ვარ.

მე არ დამინახავს არანაირი რუსოფობია
ალექსეი სტოლიაროვი

- ერთი სიტყვით არ ეთანხმებით კრემლს, რომ აქციაზე “რუსოფობიური ისტერიაა”.

მგონია, რომ არის, თუმცა ძალიან მცირე.

- ფოტოებზე, რომლებიც ფეისბუკზე დაპოსტეთ, ჩანს, რომ გაცვიათ RT-ის მაისური და კეპი წარწერით “FIFA WORLD CUP RUSSIA 2018”. ერთ-ერთ პოსტზე დაწერეთ "Оккупант развлекается" (ოკუპანტი ერთობა) - არის თუ არა ეს საქართველოს მოქალაქეების პროვოკაციაზე წამოგების მცდელობა?

ხომ ხვდებით, რომ ეს სასაცილოა. მე ყველა მეუბნება, რომ სტუმარი ვარ.

- თავს უსაფრთხოდ გრძნობთ?

ყველაფერი უსაფრთხოა. ეს აქციები არ არის რუსოფობიური. მე ჩამოვედი როგორც სტუმარი, მუქარებისა და შეურაცხყოფის გარეშე. უკეთესია, თუ ასეთი ურთიერთობა გვექნება.

- ხშირად ამბობენ, რომ თქვენი საქმიანობა რატომღაც მუდმივად ემთხვევა რუსეთის სახელმწიფო მედიის დღის წესრიგს და თქვენი ჩანაწერები ხშირად ხვდება ეროვნული ტელევიზიების ეთერებში.

მართალია. ემთხვევა იმიტომ, რომ იმავე ახალ ამბებს ვკითხულობ, რასაც სხვა რუსები. თქვენ გგონიათ მე ოკუპანტი ვარ?

- ერთი ადამიანი ვერ იქნება ოკუპანტი. თქვენ თუ მიგაჩნიათ რუსეთის ხელისუფლება ოკუპანტი?

მე ჩამოვედი როგორც სტუმარი
ალექსეი სტოლიაროვი

არა, არ მიმაჩნია. მგონია, რომ ეს საკითხი საქართველომ უნდა გადაჭრას ოსეთთან და აფხაზეთთან. მე ამასთან კავშირი არ მაქვს. მე ოკუპანტი არ ვარ. მე ჩამოვედი როგორც სტუმარი. საქართველო ძალიან კარგი ერი მგონია.

- რამდენ ხანს რჩებით აქ და ვნახავთ თუ არა პრანკს საქართველოზე?

ყველაფერი შესაძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG