Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ რეპრესიები


რუსთაველზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება.

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაშავებულ ჟურნალისტს და ასობით დაშავებულ მოქალაქეს და წერილს ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით იწყებენ:

„იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს“.

და რადგან, აქციის ორგანიზატორების თქმით, სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების მის კრიტიკოსთა წინააღმდეგ შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას არა აქვს მორალური უფლება ისაუბროს სხვების პასუხისმგებლობაზე.

„ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია“ - წერია განცხადებაში.

ტექსტის ავტორები წერენ, რომ გავრილოვი სიმბოლოდ იქცა შეფუთული პრორუსული პოლიტიკისა, რამაც გამოიყვანა მოქალაქეები ქუჩაში. რომ სახელმწიფომ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების განხილვისას.

„ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში!“, - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე უკვე მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG