“ნიკა მელიას და მისი კოლეგების ქმედებებმა ისეთი ფორმები მიიღო, რომ შტურმის მოგერიებას ვერავინს ასცდებოდა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
“ქართული ოცნების” დეპუტატი მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის ღამით ინდივიდუალური გადაცდომები და ძალის გადამეტება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხია, ხოლო თუ ამ დარღვევებში სისტემურობა გამოვლინდება, შს მინისტრი მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს.
„ლეგიტიმური ძალა რომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული და ეს იყო აუცილებლობა, ამას ვერავინ უარყოფს. ამის უარყოფა არ მომხდარა არც საერთაშორისო შეფასებებში და არც არსად. პოლიციას რომ უნდა ემოქმედა, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ორი პარტიის გარდა ვერავინ დააყენებს. მას შედეგ, რაც ლეგიტიმურად ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მერე რა მოხდა და რა რეალობა მივიღეთ, ამას სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ საგამოძიებო ორგანოები იძიებენ და სრული მზაობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშაც წავიდეს ეს პროცესი”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
20-21 ივნისის ღამით სპეზრაზმმა ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაშალა, რაც მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი პარლამენტში შესვლას შეეცადა. იმ ღამით პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ათობით ადამიანი დაშავდა.