Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს - 26 პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. ხმები ასე გადანაწილდა - 50 ხმა ხუთის წინააღმდეგ.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე. მასში ნახსენებია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმის ფაქტები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია. მკვლელობის, წამების, უხეში მოპყრობის, გატაცების და უკანონო დაკავებების ფაქტები, გაკრიტიკებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენით სწავლების აკრძალვის ფაქტები.

რეზოლუცია ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. დოკუმენტში ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტიც.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

დოკუმენტის მიღებას რუსეთის დელეგაციის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ.

XS
SM
MD
LG