თბილისი პრაიდის ცნობით, ღირსების მარში 8 ივლისს გაიმართება
ორგანიზატორებმა თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე დაწერეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.
"22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.
ჩვენ გამოვდივართ! - წერენ ღირსების მარშის ორგანიზატორები.