7 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. პარტიის გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ქვეყანა მძიმე ვითარებაშია და ყველაზე საჭირო თემაზე სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაზე ღიად უნდა ილაპარაკონ.
მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი საფრთხე არც დავით გარეჯთან მიმართებით და არც საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებაში გლობალურად.
„ირანი, ამერიკა - გაანალიზეთ, რა რთული ვითარებაა დღეს ქვეყანაში და რა ინტერესები იკვეთება საქართველოზე. არ უნდა გავჭყლიტოთ ჩვენი ქვეყანა! "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ვეუბნები: არ უნდა გამოგეყენებინათ რეზინის ტყვია. ამას გამართლება არ აქვს. ვისაც მოხვედრილი აქვს ერთხელ მაინც, გამოვიარეთ ეს ჩვენ და ვერ გავამართლებთ, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არ დავდგეთ ნამდვილი ტყვიების საფრთხის წინაშე. იმიტომ ვართ ერი და სახელმწიფო, რომ ეს ავიცილოთ თავიდან. ჩვენს შეკრებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიყოთ ბევრნი და ღიად უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა "ქართული ოცნების" მუდმივი თამაშებით. პირდაპირ ვამბობთ, რომ ბოკერიებს და სააკაშვილებს ხომ არა, მაგრამ თქვენც არა!“, - წერს ირმა ინაშვილი.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრების შეკრება სპორტის სასახლეში ხუთ საათზეა დანიშნული.