Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინიმ ცენტრალური აზიის რეგიონში ყურადღება გაამახვილა სიტყვის თავისუფლებაზე 


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი 6-7 ივლისს იმყოფებოდა ცენტრალური აზრიის რეგიონში, სადაც 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო ევროკავშირ-ცენტრალური აზიის ფორუმში.

მანამდე მოგერინი თურქმენეთს ესტუმრა, ქვეყანას, რომელსაც ადამიანის უფლებათა აქტივისტების თქმით ყველაზე რეპრესიული ხელისუფლება მართავს. სიტყვის თავისუფლება იზღუდება ტაჯიკეთში, სადაც საფრთხე ექმნება რადიო თავისუფლების ოფისის მუშაობას.

ფედერიკა მოგერინის ცენტრალური აზიის ტურნეში ახლავს რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, რომელმაც ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელს ჰკითხა, თუ რა დახმარებას უწევს ევროკავშირი მედია ორგანიზაციებს, რომლებსაც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის განხორციელება უხდებათ ცენტრალური აზიის არადემოკრატიულ ქვეყნებში.

„ჩვენ მთელ მსოფლიოში ვუჭერთ მხარს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და მედიის თავისუფლებას. შემდეგ კი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება აზრთა გაზიარება ადგილობრივ დონეზე და დედაქალაქების დონეზე. ჩვენმა თანამოსაუბრეებმა (ცენტრალური აზიის) ყველა ხუთივე ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში კარგად იციან, რომ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის უკავშირდება თავისუფალი სივრცის არსებობას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. მე მაიმედებს ის, რომ ამ წელს პირველად ჩავატარეთ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში. მასში ასევე იყვნენ ჩართული ცალკეული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. მე დამაიმედებელ ნიშნად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრების ფორუმის პარალელურად, ასეთი შეხვედრებიც რეგულარულად ჩაატარონ. ისევდაისევ, ეს არის პროცესი. ზოგჯერ მტკივნეული პროცესი. ჩვენ არ ვმალავთ, რომ არსებობს სირთულე და არსებობს უთანხმოება. მაგრამ ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ წავახალისოთ, ხელი შევუწყოთ და ასევე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭიროთ მასმედიის ცალკეულ წარმომადგენლებს კონკრეტულ შემთხვევებში, როცა ამის საჭიროება არსებობს“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG