Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე მეცხრამეტე - აქცია რუსთაველზე კვლავ გაიმართება


8 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია სახელწოდებით „სირცხვილია 19.0“ გაიმართება.

ანტისაოკუპაციო აქციების მეცხრამეტე დღეს, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციოს აქციის წინააღმდეგ, მთავრობამ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და კრემლის მიერ მართული ჯგუფების გაერთიანება მოახდინა: „18 დღეა, პარლამენტთან, საქართველოს სამსახურში ვდგავართ და ვითხოვთ შს მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომას. არც დღეს შეიცვლება რამე. საქართველოს სამსახურში გელოდებით“.

პარლამენტის წინ, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრენი. ისინი მოითხოვენ, რომ შსს-მ ტერიტორია „გაწმინდოს საშინელი ხალხისგან“, რათა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ.

პარლამენტის წინ იმყოფებიან ჰომობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ვერის პარკიდან გადაინაცვლეს. ამ დროისათვის ორად არის გაყოფილი მათი აზრი. ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ უერთდება ანტისაოკუპაციო აქციას, თუმცა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს. ამ ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გურამ ფალავანდიშვილი კი მიიჩნევს, რომ შს მინისტრი „პასუხისმგებელია თვალის ამოთხრაზე“.

პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნაა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტები გიორგი გახარიას ბრძანებით დაშალეს, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

XS
SM
MD
LG