Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლექსო მაჭავარიანი: სამართალდამცავები გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას


ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი ამბობს, რომ სამართალდამცავების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პარლამენტის წინ აქციას გამართავენ, არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყონ:

„სამართალდამცავები გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას. უარს ამბობენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებისა და სპიკერების შეშვებაზე, ჩვენ ვთხოვთ, რომ უზრუნველყონ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა აქციის ჩატარებაზე და ასევე უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. თუკი 20 ივნისს მათ შეძლეს სპეცრაზმის გამოყვანა, მგონი, რომ დღეს გაცილებით მცირე ძალებით შეძლებენ მშვიდობის დაცვას“.

როგორც ლექსო მაჭავარიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არ აპირებენ გეგმების შეცვლას:

„როგორც წინა 18 დღე ვაპროტესტებდით ოკუპაციასა და მოვითხოვდით გახარიას გადადგომას, დღესაც არ ვცვლით არაფერს და იმავე ადგილას გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს“.

პარლამენტის წინ, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრენი. ისინი მოითხოვენ, რომ შსს-მ ტერიტორია „გაწმინდოს საშინელი ხალხისგან“, რათა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ. ისინი ასევე მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასაც. პარლამენტის წინ იმყოფება ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებს, რომ უერთდება ანტისაოკუპაციო აქციას, თუმცა, ემიჯნება აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომ. უწყება აფრთხილებს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს და მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნაა გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტები გიორგი გახარიას ბრძანებით დაშალეს, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

XS
SM
MD
LG