რუსეთის ინგუშეთის რეგიონის ყოფილი ლიდერი, იუნუს-ბეკ ევკუროვი დაინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე. ბრძანებას 8 ივლისს მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც, ამავე დროს, ევკუროვი გენერალ-მაიორიდან გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურა.
ევკუროვი გასულ თვეში გადადგა, ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის მმართველად თითქმის 11-წლიანი მუშაობის შემდეგ. მისი გადადგომის ფონი იყო ინგუშეთში არსებული დაძაბულობა, რომელიც გამოწვია მეზობელ ჩეჩნეთთან გაფორმებულმა სასაზღვრო შეთანხმებამ.
2018 წლის სექტემბერში ევკუროვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ხელი მოაწერეს სასაზღვრო შეთანხმებას, რომელსაც ინგუში აქტივისტები არ ცნობდნენ, რადგან, მათი აზრით, ის უკანონოდ გადასცემდა ტერიტორიას ჩეჩნეთს. ამ შეთანხმების გამო, რეგიონში ევკუროვის პოპულარობა დრამატულად დაეცა. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, დააკავეს ათობით მოქალაქე.