Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-სთან ღირსების მარში ჩატარდა


შსს-თან თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ჩატარდა:

„მოძალადე მინისტრმა შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს. ჩვენ მოვედით მასთან და ჩვენ ვეუბნებით მას, გახარია წადი! ძალადობრივი რეჟიმი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვართ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და ჩვენ ვიმსახურებთ ისეთივე ღირსეულ ცხოვრებას, როგორც სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები. გახარია წადი, გახარია წადი“, - სკანდირებენ ლგბტქი აქტივისტები.

ლგბტქი მსვლელობა თავდაპირველად 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც „სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში“.

თბილისი პრაიდმა 7 ივლისს კიდევ ერთხელ დააანონსა ღირსების მარში და მისი გამართვის თარიღად 8 ივლისი დასახელდა.

თავდაპირველად მარშის გამართვა 8 ივლისს, დილით იგეგმებოდა, თუმცა, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიების საბოლოო დროდ 19 საათი განსაზღვრეს.

ღირსების მარშის ჩაშლის მოტივით, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და სასულიერო პირები ჯერ შსს-სთან და შემდეგ ვერის პარკში. მოგვიანებით კი მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ შემუშავებას.

მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრომ თბილისი პრაიდისა და ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს გააფრთხილა ორგანიზატორები, ლგბტქი აქტივისტებმა პრაიდის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

XS
SM
MD
LG