თურქეთმა შეიარაღებული ძალების 176 -ი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრების ბრძანება გასცა იმ ორგანიზაციასთან მათი სავარაუდო კავშირების გამო, რომელსაც ანკარა ბრალს დებს 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.
სტამბულის მთავარი პროკურატურის 9 ივლისის განცხადებაში საუბარია როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რანგის ოფიცრებზე - 2 პოლკოვნიკზე, ორ ვიცე-პოლკოვნიკზე, ხუთ მაიორზე, 7 კაპიტანსა და 100 ლეიტენანტზე.
პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მთავრობა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს მიიჩნევს 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად.
გიულენი უარყოფს მონაწილეობას გადატრიალებაში, რომლის დროსაც 250 კაცი დაიღუპა.
წარსულში პრეზიდენტ ერდოანის ყოფილი მოკავშირე, ფეტულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფება. თურქეთის ხელისუფლების არაერთი თხოვნის მიუხედავად, ვაშინგტონი უარს ამბობს გიულენის ექსტრადიციაზე.
2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული რეპრესიების შედეგად თურქეთში 77 ათასი ადამიანს შეეფარდა წინასასამართლო პატიმრობა, ხოლო სამსახურიდან დაითხოვეს 150 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის იურისტები, მასწავლებლები და ჟურნალისტები.