თალიბანის დელეგაცია და ავღანეთის საზოგადოების წარმომადგენლები ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მოლაპარაკებების დროს, შეთანხმდნენ სამომავლო პოლიტიკური მოწესრიგების საგზაო რუკაზე, რაც წარმოადგენს ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
8 ივლისის საღამოს გამოქვეყნებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, თალიბანი და შიდაავღანური დელეგაცია კერძოდ თანხმდებიან „მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“ და, მუსლიმანური სარწმუნოების ტრადიციიდან, გამომდინარე უზრუნველყონ ავღანელი ქალების უფლება მონაწილეობდნენ „პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაში“.
დოკუმენტი არ არის დამავალდებულებელი, თუმცა წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, სამომავლოდ თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად.
აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი 9 ივლისს მიესალმა შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა დიალოგის მონაწილე მხარეებმა "თაობებისათვის მნიშვნელოვან" საერთო საკითხების გარშემო.