Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტაბულის“ მძღოლმა პოლიციის განყოფილება დატოვა


ონლაინმედია „ტაბულის“ მძღოლმა პოლიციის მეშვიდე განყოფილება დატოვა. განცხადება გააკეთა ადვოკატმა თამარ პატეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, მძღოლი კი მოწმის სახითაა დაკითხული.

„ ფაქტი ეხება იმას, რომ „ტაბულის“ კუთვნილი ავტომობილიდან გამოშვერილი იყო კამერის შტატივი, რომელიც პოლიციის თანამშრომელს მხარზე შეეხო და დაუზიანა ჯანმრთელობა.

შემდეგში გაგრძელდება გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება გახდება ჩვენთვის ცნობილი“, - თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ეძებდნენ პიკაპის ტიპის ავტომობილს, რომელზეც წინა დღის აქციაზე ხმის გამაძლიერებელი და სამაუწყებლო ტექნიკა იყო განთავსებული.

როგორც შემდეგ შსს-მ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა,

ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი, ავტომობილის მძღოლი და მისი მგზავრები კი დააკავეს.

„ტაბულის“ მძღოლთან ერთად დაკავებული დავით ებანოიძე იხსენებს, რომ რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ, პატრული მათ ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვდა, რის შემდეგაც სხვადასხვა ადგილას ინაცვლებდნენ და გარკვეული დროის ინტერვალით პატრული კვლავ სთხოვდა მათ ტერიტორიის დატოვებას. ის ამბობს, რომ არ დაუნახავს, როგორ დაშავდა პატრულის თანამშრომელი.

„თუ მეუბნებიან, რომ პარლამენტის შენობასთან მოხდა ჩვენი მანქანის პატრულისთვის დაჯახება, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, რატომ გაგვაჩერეს სამჯერ 15-15 წუთის ინტერვალით და რატომ არ დაგვაკავეს პირველივე გაჩერებაზე?“

ადვოკატის, თამარ პატეიშვილის თქმით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“.

განახლება: ჩამორთმეული აპარატურა უკვე დაუბრუნდათ აქციის ორგანიზატორებს.

XS
SM
MD
LG