ბელარუსმა თითქმის დაასრულა ჩინეთთან მოლაპარაკება 600 მილიონი ამერიკული დოლარის სესხების შესახებ - თანხის, რომელიც, ბელარუსის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი ბიალკავეტსის თქმით, გამოყენებული იქნება რუსეთის ვალის დასაფარად.
"ვაპირებდით რუსეთისგან კიდევ ერთი სესხის აღებას, მაგრამ ეს გადავდეთ, რადგან ჩინელ პარტნიორებთან მივაგენით ალტერნატივას" - განაცხადა ბიალკავეტსმა 9 ივლისს.
რამდენიმე კვირით ადრე ბელარუსის ფინანსთა მინისტრი, მაქსიმ ერლამოვიჩი აცხადებდა, რომ ქვეყანას სურდა ფული ესესხა სხვა ქვეყნისგან და არა რუსეთისგან, ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაგროვილი უთანხმოებების გამო.
რუსეთის ბელარუსისთვის წლების განმავლობაში ფულის მთავარი მსხესხებელია და მინსკს მოსკოვის დიდძალი თანხა მართებს.
ბელარუსის ეკონომიკა კვლავ პრობლემური რჩება, იზრდება მისი საგარეო დავალიანება.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი აპრილში ამბობდა, რომ მოსკოვი მზად იყო ბელარუსისთვის სესხის გამოსაყოფად, თუმცა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ მინსკის მიერ თებერვალში მოთხოვნილი სესხის საკითხი კვლავაც განხილვის ფაზაში იყო.
ივნისში სილუანოვმა თქვა, მოსკოვი ბელარუსს კიდევ მეტ ფულს მას შემდეგ ასესხებს, რაც ორი ქვეყანა მოილაპარაკებს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე რუსეთის და ბელარუსის კავშირის ფარგლებშიო - კავშირის, რომელიც 1990-იანი წლებიდან ძირითადად ქაღალდზეა გაფორმებული.
მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის გაღრმავებაზე.
ბოლო თვეებში პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე შეხვედრა გამართეს ინტეგრაციის თაობაზე. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პარტნიორობა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს.