ვითარების სტაბილიზაციისთვის საქართველოს გამოადგებოდა რუსეთისგან გაეზიარებინა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოცდილება - ასე მიიჩნევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარე, სერგეი გავრილოვი.
აღნიშნული სერგეი გავრილოვმა განაცხადა 10 ივლისს, კომიტეტის გაფართოვებულ სხდომაზე, რომელშიც რუსეთის სახალხო დამცველი ტატიანა მოსკალოვაც მონაწილეობდა. სერგეი გავრილოვმა მას მადლობა გადაუხადა „საქართველოში რუს დეპუტატებზე თავდასხმის კონფლიქტზე ოპერატიული რეაგირების გამო“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის, კარგი იქნებოდა, გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.
სერგეი გავრილოვი არის ასევე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. მის ამ თანამდებობას უკავშირდება თბილისში, 20 ივნისს მომხდარი ინცინდენტი, როდესაც იგი ასოციაციის კონგრესზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა.
ამ ფაქტის გამო გამოწვეულ საზოგადოებრივ მღელვარებას სახელმწიფომ საპროტესტო აქციის ძალისმიერი დაშლით უპასუხა. 20-21 ივნისის ღამეს საქართველოში "გავრილოვის ღამედ" მოიხსენიებენ.