Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: ნაადრევია ლაპარაკი, რომ შესაძლოა აღდგეს ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის


„ჯერ კიდევ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა განახლდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის“, - წერს რუსული ონლაინ გამოცემა „კომერსანტი“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს ეყრდნობა.

პესკოვის თქმით, საქართველოში საფრთხე რუსეთის მოქალაქეების მიმართ კვლავ არსებობს. მისი სიტყვებით, განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი: „ცხადია, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ფრენების აღდგენას და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან ეს მოხდება“.

პესკოვის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსოფობიული განწყობები “ექსტრემისტული ელფერით“.

10 ივლისს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმოს. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ წერდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

XS
SM
MD
LG