Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეებს კარავი ადგილობრივებმა დაურბიეს


შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს კარავი დაურბიეს.

ფეისბუკის პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოში აქციის ერთ-ერთი მონაწილე მინდია ადაძე ჰყვება, რომ მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაუნგრიეს კარავი და წაიღეს ბანერები. ამ დროს კარავში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით კი აქციის მონაწილეებს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მათ სურთ, რომ აქციის მონაწილეებმა სოფლის ტერიტორია დატოვონ.

„სოფლის მოსახლოების ნაწილი მივიდა აქციის მონაწილეების და მოშიმშილეების ტერიტორიაზე და მოსთხოვეს დაეტოვებინათ სოფლის ტერიტორია. ამას მოჰყვა შელაპარაკება და კამათი მხარეებს შორის. ჩაერია პოლიცია და განმუხტა სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლოების ის ნაწილი ვინც აქციის მონაწილეებთან იყო მისული განარიდა იქაურობას. ადგილზე ვითარება არის სტაბილური, იქ იმყოფებიან პოლიციელები და იცავენ იქ მყოფი მოქალაქეების უსაფრთოებას“,- განუცხადეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

უწყების ინფორმაციით დაზიანდა კარავი და პლაკატები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეკვეთილში ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს აქცია, 2 ადამიანი კი შიმშილობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ და თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას უცხადებენ სოლიდარობას. მათივე განცხადებით საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG