ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა შსს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს.
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის დაწყების წინ ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ ნათია მეზვრიშვილის განცხადების გამო არ ცვლის სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას და მისი ძმა პატიმრობაში რჩება:
„ვგულისხმობ იმ განცხადებას, რომ მიხეილი ქალაქიდან გარბოდა. სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით, ამის ცნობაც არსებობს, მტკიცებულებებიც. ამიტომ მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და გააკეთოს განცხადება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, თქვას რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწადნახევარი ბავშვი აქ იყო, ქალაქში, არსად გადიოდა და ყველა პროცესზე ცხადდებოდა, რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე, ჩნდება ლოგიკური კითხვა?!", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიამ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნას 6 ივნისს შეეფარდა.