ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში გაიხსნება კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტი, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება გამოფენილი. კაბინეტის გახნის მთავარ საბაბად კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირებული ვარიანტი იქცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის გვერდზე წერს:
„ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალდაკვალ გახსნის კაბინეტს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს რუკები - მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად შეიქმნება კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც“.
9 ივლისს, ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ რაც უარი თქვა საქართველოს ახალი სანქციების დაწესებაზე, მან ამ უარის მიზეზად „ქართველი ხალხისადმი პატივისცემა“ დაასახელა და ჟურნალისტებს საქართველოს ისტორიის მისეული ვერსიაც უამბო - გაყალბებული თარიღებითა და ფაქტებით.
პუტინმა თქვა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში; შემდეგ ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის (არა საქართველოს) შემადგენლობაში; რუსეთის იმპერიის დაშლისას (პირველი მსოფლიო ომის შემდეგ) საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, გერმანელების დახმარებით; ქართველი ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ და 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების გენოციდიც მოაწყვეს; საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო; სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი; შემდეგ, საქართველომ ომი დაუწყო აფხაზებსა და ოსებს - რუსეთი კი იძულებული გახდა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა.