Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე და ბაჩუკი ქარდავა შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ


ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე და ბაჩუკი ქარდავა - 20-21 ივნისის საქმეზე - შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ. ისინი მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე არიან თანახმა.

ბაჩუკი ქარდავა - ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან - რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ​საგამოძიებო უწყებაში დაბარებისთანავე მოითხოვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა.

"ახლა ველოდები როდის დამიბარებენ მოსამართლესთან. მზად ვართ, რომ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი", - ამბობს ქარდავა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხატია დეკანოიძემ შსს-ს ტელეფონით შეატყობინა, რომ არ აპირებს მისვლას და დაიკითხება მაგისტრ მოსამართლესთან.

"ელოდება სასამართლოს ზარს და მივა, როცა დაიბარებენ", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ენმ-ში.

მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი - შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 11 ივლისს დაიბარა, 20-21 ივნისის საქმეზე სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG