ნორვეგიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რადიაციის დონე, რომელიც 1989 წელს ჩაძირული საბჭოთა წყალქვეშა ნავი „კომსომოლეციდან“ მომდინარეობს, 800 ათასჯერ აღემატება ნორმას. მათი თქმით, რადიაციის გაჟონვა ამ მომენტში საფრთხეს არ უქმნის გარემოს, ვინაიდან გემი დიდ სიღრმეზე (1680 მეტრზე) ჩაიძირა და რადიაცია სწრაფად ნეიტრალდება ნორვეგიის ზღვის ყინულოვან წყალში.
ატომურ წყალქვეშა ნავ "К-278"-ზე 1989 წლის აპრილში მომხდარი ხანძრის შედეგად წყალქვეშა ნავში მყოფი 69 პირიდან 42 დაიღუპა. ბირთვული საწვავის მარაგთან ერთად ფსკერზე დაეშვა ასევე ორი ბირთვული ტორპედო პლუტონიუმის ქობინებით.
ჩაძირული წყალქვეშა ნავის კორპუსიდან რადიაციის გაჟონვა რუსეთისა და ნორვეგიის ექსპედიციებმა აღმოაჩინეს. 1990-იან წლებში, ასევე 2007 წელს. მაგრამ 7 ივლისს ნორვეგიელებმა პირველად გამოიყენეს წყალქვეშა რობოტი, რომელმაც არა მხოლოდ გაზომა რადიაცია, არამედ წარმოადგინა წყალქვეშა ნავის კორპუსის ვიდეოჩანაწერი.
"К-278"-ის კატასტროფის შემდეგ ნორვეგია და რუსეთი წყალქვეშა ნავის ჩაძირვის რეგიონში რეგულარულად ატარებენ მონიტორინგს, ზოგჯერ ერთობლივად. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საუკეთესო გამოსავალია წყალქვეშა ნავის იქ დატოვება, სადაც იგი ახლა იმყოფება, ვინაიდან ზედაპირზე მისი ამოტანის მცდელობა შეიცავს დიდი რაოდენობით რადიაციის გაჟონვის საფრთხეს.