რუსეთში პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები, რომლებსაც თავი მოეყარათ ქალაქის საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინასთან, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატებმა მჯდომარე საპროტესტო აქცია მოიწვიეს, ქალაქის საბჭოს არჩევნებიდან მათი გამოთიშვის გამო.
პოლიციამ შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა ოპოზიციონერი კანდიდატი, ილია იაშინი. კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, ლიუბოვ სობოლმა, მოსკოვის მცხოვრებთ მოუწოდა საარჩევნო კომისიასთან აქციები გამართონ მანამ, სანამ მოსკოვის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ვალენტინ გორბუნოვი დათანხმდება ოპოზიციონერ კანდიდატებთან შეხვედრას, სიებში მათი ჩართვის განსახილველად. "ახლა თუ არ დავიცავთ არჩევნებს, სხვა არჩევნები მოსკოვში აღარ ჩატარდება" - დაწერა მან ტვიტერზე.
გორბუნოვი უარყოფს არამართებულ ნაბიჯებს კომისიის მხრიდან.
კომისიის შტაბ-ბინასთან რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მოიყარა თავი. პოლიციამ ჯერ ისინი კორდონით გააცალკევა, შემდეგ კი დემონსტრანტების დაკავება დაიწყო.
აქცია გაიმართა როგორც შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს შორის, მას შემდეგ, რაც საქალაქო საარჩევნო კომისიამ უარყო რამდენიმე კანდიდატის მხარდამჭერი ხელმოწერები. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "პუტინი ქურდია", "პუტინ, გადადექი", "ჩვენ ვართ ხელისუფლება".