Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გაათავისუფლა


ლიუბოვ სობოლი 14 ივლისს, მოსკოვში დააკავეს
ლიუბოვ სობოლი 14 ივლისს, მოსკოვში დააკავეს

პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატობის მსურველი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი ლიუბოვ სობოლი. ის 14 ივლისს დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერ აქციაზე.

სობოლის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შეუდგინეს ორი ოქმი, სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობის და მიტინგის ჩატარების წესების დარღევის ბრალდებებით. ლიუბოვ სობოლის განცხადებით, მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად აქციები გაგრძელდება.

13 ივლისს, მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიამ 43-ე ოლქში რეგისტრაციაზე უარი უთხრა ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს. უარის ოფიციალურ მიზეზად მხარდამჭერთა ხელმოწერების გაყალბება დასახელდა.

ლიუბოვ სობოლის გარდა, მოსკოვის ამ ოლქში საქალაქო დუმის დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავდნენ „იაბლოკოს“ წევრი სერგეი მიტროხინი, მსახიობი ანდრეი სოლოვიოვი, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი დმიტრი ბულიკინი და როკ-მუსიკოსი სერგეი ტროიცკი.

საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსკოვის 43-ე ოლქში კენჭისყის უფლება მისცა მხოლოდ საპარლამენტო პარტიების - „სამართლიანი რუსეთის,“ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და კომუნისტური პარტიის კანდიდატებს, რომლებსაც დამოუკიდებელი კანდიდატებისგან განსხვავებით, კანონი არ ავალდებულებს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას.

დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად 14 ივლისს საღამოს, მოსკოვის ცენტრში გაიმართა საპროტესტო მსვლელობა, რომელშიც ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის შემდეგ აქტივისტებმა მჯდომარე გაფიცვა დაიწყეს მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობასთან. სამართალდამაცვებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და 40-მდე ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG