საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციით დახვდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სადაც მამუკა ბახტაძე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდა.
აქციის მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20-21 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებელი სხვა პირების დასჯასაც მოითხოვდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ვარიანში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და სამართლებრივად აუცილებლად შეფასდება შესაძლო გადაცდომის ყველა შემთხვევა.
„თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ. ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამ საკითხში ჩავრთეთ სახალხო დამცველიც და გამოძიების ამ ინიციატივას მე მხოლოდ მივესალმები, ისევე, როგორც სურვილის შემთხვევაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას“ - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, დაუსჯელი არავინ არ დარჩება და ამის მკაფიო დემონსტრირებაა გამოძიების პროცესი, რომელიც 21 ივნისიდან მიმდინარეობს და რამდენიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, პასუხისმგებლობას ვერ აცდებიან ე.წ. პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ახალგაზრდების და მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის.
„ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე, არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციისა და ინსტიტუტების დაცვა თურმე, არის ბოროტება. ეს არავის გამოუვა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რასთან გვქონდა საქმე. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 20 ივნისს, პარლამენტის შტურმისას პოლიცია იძულებული იყო ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც თავისი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება. ამის შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი სამართალდამცავი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა პასუხს კანონის წინაშე აგებს.