Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა არჩევის უფლების მომავალი პარლამენტისთვის გადაცემას უმრავლესობაშიც ემხრობიან


საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს უჭერენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების პოზიციას და მათ მწვავე კრიტიკას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმართ.

„გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის. განსხვავებულია აგრესიის დონე. ის იყო საკუთარი მოსახლეობის მოძულე ხელისუფლება. ეს ხელისუფლება მოგატყუებს, ფეხს დაგიდებს, სხვა სტილით, თუმცა იმავე ავტორიტარული მისწრაფებებით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრებთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრისას.

შეხვედრას ესწრებოდნენ უმრავლესობის ყოფილი წევრები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი, უმრავლესობის დეპუტატები ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

„შეიძლება რომელიღაც დეპუტატს, ვისაც შინაგანი წინააღმდეგობა აქვს, შესაძლობლობა ჰქონდეს იმის, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ხმა არ მისცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 76 ხმა პარლამენტში მობილიზებული იქნება. ამ პროცესზე კარგს არაფერს არ ვფიქრობ, უმრავლესობაც სწორედ ამიტომ დავტოვე. პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ფარსის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება” - თქვა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუსფაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ის იქნება, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანსიიდან მხოლოდ რამდენიმე შეავსოს და მოსამართლეთა უმრავლესობის უვადოდ გამწესება მომავალ, პროპორციული წესით არჩეულ პარლამენტს მიანდოს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის შეფასებით, ურიგო არ იქნება, თუ გადასაწყვეტად პროპორციული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტსაც დაუტოვებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს.

"ჩემთვის კანონმდებლობა და პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საბოლოო შედეგად მივიღოთ კვალიფიცური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. შესაძლოა, დასკვნებსა და პოლიტიკურ შეფასებებში არ ვეთანხმებოდე ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ მოსამართლესთან ამ სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით კითხვა არ იყოს. სწორედ ამიტომ დავესწარი ამ შეხვედრას, რომ მოვისმინო ყველა კითხვა, რაც შეიძლება არსებობდეს შესაძლო კანდიდატებთან მიმართებაში ყველაზე ადრეულ ეტაპზე. ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ, მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს თითოეული კანდიდატი, რომელსაც მხარს ან დავუჭერთ, ან არა“ - უთხრა ჟურნალსტებს აკაკი ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის გადაცემის ინიციატივას ლოგიკურს უწოდებს უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე. მისი შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვლავ ხარვეზიანი და გაუმჭვირვალეა.

„ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ჩემთვის სანდოობით სარგებლობენ და მათი მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის ობიექტურია. ეს ადამიანები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებულ შემადგენლობაში გამოირჩევიან და იბრძვიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისევ იქ ვართ, სადაც წინა წლის დეკემბრის ბოლოს ვიყავით, როდესაც პარლამენტში ყველანაირი ნორმების დარღვევით შემოვიდა ის 10-კაციანი სია. დღესდღეობით ის 50-კაციანი სია, რომელიც მივიღეთ, არ მაძლევს ოპტიმიზმს, რომ მე მას მხარს დავუჭერ. ამ პროცესმა ვერ მოიპოვა ნდობა და აღქმა, რაც ეროვნული მნიშვნელობის ტოლფასის საკითხისადმი საჭიროა,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

XS
SM
MD
LG