საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) თანამშრომლებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე, რომელიც ცდილობდა რადიოაქტიური ნივთიერების რუსეთში გადატანას.
სუს-ის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლოს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაციის აღმომჩენი პორტალის მიერ დაფიქსირებული განგაშის საფუძველზე.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დაკავებულია ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.