Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: დაკავებულია ერთი სამართალდამცველი 21 ივნისს უფლებამოსილების გადამეტების გამო


გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელმაც 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა დაკავებულ პირზე.

როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა 15 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შს სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

შს სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით - დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენის მიზნით. ამ მიზნით გამოკითხულია რამდენიმე ასეული პირი და მიმდინარეობს მასალების შესწავლა.

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინარეობს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ, 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG