Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში პუტინი შეაქო და ქართული მხარე დაადანაშაულა


რუსეთის მედია აქტიურად აშუქებს „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის მოსკოვში ვიზიტის დეტალებს. ხაზგასმით აღინიშნება, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პასუხისმგებლიანს უწოდებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შემდგომი სანქციების არდაწესების თაობაზე.

„ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი - ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ.

რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მეორე განცხადებაც, რომელიც საქართველოში რადიკალური ძალების არსებობასა და იმ ანტირუსულ მიზნებს უკავშირდება, რომლებიც ამ ძალებს ამოძრავებთ. საგანგებოდ სახელდება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილი, ბოკერია... ეს ერთი გუნდია. მათთვის მორიგი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, წარმოადგენს პოლიტიკაში დარჩენის საშუალებასა და თავიანთი საჭიროების დამტკიცებას საზღვარგარეთელი სპონსორებისთვის“, - განაცხადა ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას კომუნისტმა დეპუტატმა, დუმის დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა უმასპინძლა. მან ღიად განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საკითხების მთელი სპექტრის განსახილველად და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, თუმცა მზაობის დემონსტრირებას საქართველოსგან ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG