Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე იუსტიციის საბჭოს წევრის ბრალდებას საბჭოს სხდომაზეც უპასუხებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა

დღეს სხდომას გამართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის დღის წესრიგის პირველი საკითხია მოსამართლე ილონა თოდუას განმარტება მის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ილონა თოდუას კეთილსინდისიერების მიმართ ნაზი ჯანეზაშვილმა ეჭვი 15 ივლისს გამოთქვა. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, 2014 წელს თოდუამ ბინა დედას აჩუქა და 5 დღეში საცხოვრებლის ქირით უზრუნველსაყოფად მიმართა იუსტიციის საბჭოს. ნაზი ჯანეზაშვილის ცნობითვე, საბჭოს იმჟამინდელმა მდივანმა, ლევან მურუსიძემ მოსამართლის განცხადება მაშინვე დააკმაყოფილა და საერთო ჯამში, ილონა თოდუას ბინის ქირად გადაუხადეს 20 ათას ლარამდე.

იუსტიციის საბჭოსთვის განმარტების მიცემამდე, 15 ივლისს საღამოს, ილონა თოდუამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ აფხაზეთიდან დევნილია და თბილისში, მერვე ლეგიონის დასახლებაში მის საკუთრებად იყო დარეგისტრირებული მშობლების მიერ 1999 წელს შეძენილი ოროთახიანი ბინა.

„1999 წელს ვიყავი სტუდენტი და არათუ უძრავი ქონების შეძენის, არამედ, რაიმე ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის შესაძლებლობაც არ გამაჩნდა, რადგან სრულად ვიყავი დამოკიდებული ჩემს მშობლებზე, ვიმყოფებოდი მათ კმაყოფაზე და აღნიშნული უძრავი ქონების შეძენისას არც ერთი თეთრით ჩემი მშობლებისათვის დახმარების გაწევა არ შემეძლო“ - ნათქვამია მოსამართლის განცხადებაში. ილონა თოდუა აღნიშნავს, რომ მშობლებისთვის ბინის გადაფორმების გადაწყვეტილება დაოჯახების შემდეგ მიიღო და ქმართან ერთად ქირით გლდანში ცხოვრობდა.

„ამ პერიოდში, ვინაიდან უკვე ვიყავი მოსამართლე და არ გამაჩნდა საკუთარი საცხოვრებელი, მივმართე საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელმაც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყო ჩემთვის საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურის ნაწილის გადახდა (თანხის ნაწილს ვიხდიდი თავად). აღსანიშნავია, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ ვაცნობე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, რათა შეწყვეტილიყო ჩემთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა და ასევე, დაუყოვნებლივ დავაბრუნე ჩემთვის სამსახურეობრივად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება. სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსამართლედ ხელახლა გამწესებამდე და გამწესების შემდგომ, ჩემივე ხარჯით(ქირით) გავაგრძელე ცხოვრება ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა კი მოვახერხე მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში, საბანკო კრედიტის დახმარებით“ - აცხადებს ილონა თოდუა.

მოსამართლის შეფასებით, სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ეწევა ცილისწამებას და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას. თოდუას განცხადებითვე, მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG