ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ თეირანისაგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება ბრიტანეთის მიერ ირანის ტანკერის დაკავებას.
ირანის მედიის ცნობით, 16 ივლისის გამოსვლაში ხამენეიმ „მეკობრეობა“ უწოდა ბრიტანეთის მოქმედებას.
ირანის ტანკერი - ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების დახმარებით - მიმდინარე თვეში დააკავეს გიბრალტართან, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის სანქციებს არღვევდა სირიისათვის ნავთობის გადატანით.
გასული კვირის ბოლოს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯერემი ჰანტმა თქვა, რომ ბრიტანეთი ტანკერის გაშვებაზე იზრუნებს, თუ თეირანისაგან იქნება გარანტია, რომ ხომალდი არ გაემგზავრება სირიაში და, შესაბამისად, არ დაარღვევს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.
ხამენეიმ განაცხადა ასევე, რომ ირანი კვლავაც შეამცირებს ვალდებულებებს, რომლებიც ნაკისრი აქვს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის ხელმოწერილი შეთანხმებით.
აშშ შარშან გავიდა ამ შეთანხმებიდან და კვლავ დაუწესა ირანს მკაცრი სანქციები. ევროპის ქვეყნები თეირანს მოუწოდებენ, მაინც შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს ზომები, რომლებითაც შეთანხმებას არღვევს.