Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა.

კანდიდატები იუსტიციის საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

17 ივლისს, 11 საათიდან მოუსმენენ ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს. 18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს, გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს.

იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, თითოეული კანდიდატის მოსმენა ერთ საათს გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს, შემდეგ კი საბჭოს წევრები დაუსვამენ შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის შეკითხვებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში მიმდინარე პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გასაუბრების პროცესი გადაიცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორზე, რომლის საშუალებით მედიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

იუსტიციის საბჭოს ცნობითვე, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ვიდეო ოქმები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 გადავიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG