Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აფინანსებს ანტისაოკუპაციო აქციას?


5 000 სასტვენი, 500 ბუშტი, 200 შუშხუნა, 200 მაისური და ჩანთა, აპარატურა, წყალი, მარკერები, საწვიმრები, სტიკერები, რეკლამა ფეისბუკზე - ამ ყველაფერზე ანტისაოკუპაციო აქციის სერიების ორგანიზატორებმა - თითქმის ერთი თვის განმავლობაში - ასი ათასამდე ლარი დახარჯეს.

“უხეშად რომ გავყოთ, დღეში 3 000 ლარამდე გვაქვს, რომ აქცია უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკურად და იყოს გამართული”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი.

ბარკერის თქმით, მაქსიმალური თანხა, რომელიც მათ ერთჯერადი გადარიცხვით მიიღეს 3 300 დოლარი იყო და ფული აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა შეაგროვეს.

“ბებო მოვიდა ერთი. ფლი მარკეტზე რომ იყო, 20 ლარი ივაჭრა და 4 ლარი მოგვიტანა, ნავაჭრის 20%. ვიღაც ბებო იყო მოსული, აგრეთვე გუშინ, გული დამეწვა ისტორია რომ მოვისმინე. პენსია ავიღეო და 20 ლარი შემოგვწირა. აცრემლდა სოფოც და მეც სენტიმენტებით ვიხსენებ”, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი რადიო თავისუფლებასთან.

საერთო ჯამში, ანტისაოკუპაციო აქციისთვის განკუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ორგანიზატორების თქმით, დაახლოებით 800-მა ადამიანმა ჩარიცხა თანხა.

პროტესტის 25-ე დღე: ფლი მარკეტი ანტისაოკუპაციო აქციაზე
პროტესტის 25-ე დღე: ფლი მარკეტი ანტისაოკუპაციო აქციაზე

აქციას აქვს ფიქსირებული ხარჯიც. მაგალითად, ორგანიზატორები ყოველდღიურად 1 000 ლარს იხდიან გენერატორში, ამდენივე ღირს დაცვაც. ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 5000-მდე ლარი დაიხარჯა ფეისბუკ რეკლამაში.

“20% ჩვენთან არის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი და აგრძელებს: "ვისაც სამომხმარებლო ბაზართან ვისაც შეხება ჰქონია იცის, რა ძნელია, ქართველს გადაახდევინო ფული და როცა ვხედავთ, რომ 800-ზე მეტმა ადამიანმა მოინდომა, დაგხმარებოდა, თანხა მოეცა შენთვის, ეგ კიდე ცალკე ძალას გვაძლევს."

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფინანსურად მათ ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, როგორებიცაა საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ფლანგვის დეტექტორი. ამასთან, სალომე ბარკერის თქმით, აპარატურით აქციას პარტია "ევროპული საქართველო" ეხმარება.

“მაგალითად არის ბიზნესი, რომელმაც მოგვცა წყალი. კარვები მოგვიტანეს ერთხელ, იმიტომ, რომ მოშიმშილეებს კარვები არ ჰქონდათ. ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს ხოლმე”, - ამბობს სალომე ბარკერი.

ამასთან, ორგანიზატორების თქმით, ინვენტარის დაქირავების დროს პრობლემებსაც აწყდებიან ხოლმე.

"ეკრანზე გვქონდა პრობლემა. ჩამოვრეკეთ ყველგან, მთელ საქართველოში, ვისაც კი რამე მონიტორი და ეკრანი აქვს და ყველამ უარი გვითხრა. მერე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ აქვს რაღაც გაფუჭებული, ძველი ეკრანი - გადავიხადეთ 600 ლარი ამ ეკრანის გაკეთებაში და გვაქვს უფასოდ", - ამბობს სალომე ბარკერი და აგრძელებს: "პიკაპი გვჭირდებოდა, რომ მსვლელობის წინ ევლო და ვერც პიკაპი ვიშოვეთ, არავინ მოგვაქირავა, ვინც გაიგო, რომ აქციისთვის გვინდოდა."

ორგანიზატორები აპირებენ ანტისაოკუპაციო აქცია საერთაშორისო კულტურულ სცენად აქციონ პირობითი სახელით “გაატარე ზაფხული რუსთაველზე”. ამისთვის ისინი ფანდრაიზინგს იწყებენ

"თუ იმის იმედი აქვთ, რომ გაჩერდება, ეს არ გაჩერდება და ეს იქნება ქართველების მიერ დაფინანსებული, აქ არ იქნება პოლიტიკური ფული", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG