Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი სენატორი მოითხოვს გამოძიებას რუსეთში შექმნილი „დაბერების აპლიკაციის“ შესამოწმებლად


გავლენიანი ამერიკელი სენატორი, დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი მოითხოვს გამოძიებას პოპულარული მობილური აპლიკაციის, FaceApp-ის შესამოწმებლად.

აპლიკაცია რუსეთში, სანკტ-პეტერბურგელი პროგრამისტების ჯგუფის მიერ შეიქმნა და პოპულარობა პირველად 2017 წელს მოიპოვა. ბოლოხანს ისევ გაიზარდა მის მიმართ ინტერესი. აპლიკაცია მომხმარებელს მისივე ფოტოსურათის გამოყენებით გამოსახავს ადრეულ ან ხანდაზმულ ასაკში.

ჩაკ შუმერმა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და მომხმარებელთა დაცვის უწყებას (FTC) მოუწოდა, შეამოწმონ, ადგება თუ არა ზიანი ეროვნულ უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას FaceApp-ით, რომელსაც მილიონობით ამერიკელი იყენებს.

„FaceApp-ის მდებარეობა რუსეთში წამოჭრის შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის აძლევს კომპანია აშშ-ის მოქალაქეთა მონაცემებზე წვდომას მესამე მხარეებს, მათ შორის, პოტენციურად, უცხო მთავრობებს“, წერს ნიუ-იორკელი სენატორი.

FaceApp-ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ განცხადება შუმერის წარილის საპასუხოდ, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იაროსლავ გონჩაროვმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ აპლიკაცია არანაირი სხვა მიზნებისათვის არ იყენებს მომხმარებელთა ფოტოებს.

გონჩაროვის თქმით, ფოტოები სერვერებიდან 48 საათში იშლება და რუსეთის ხელისუფლებას არ ეძლევა წვდომა მომხმარებელთა მონაცემებზე.

ამერიკის მედიის თანახმად, შუმერი არ არის ერთადერთი დემოკრატი პოლიტიკოსი, რომელიც ეჭვით უყურებს FaceApp-ს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დემკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მზადებაში ჩართულ პირებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ წაშალონ“ აპლიკაცია.

აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რუსმა ჰაკერებმა კიბერთავდასხმები მოაწყეს დემოკრატიული პარტიის რამდენიმე ლიდერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG