„სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. მისი შეფასებით, დადასტურდა ის, რომ მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა და სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს:
„კიდევ ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან თუ შევადარებთ ციფრებს, წინააღმდეგი მხოლოდ ერთ ქეისში იყო, რომ ერთი მოსამართლე, რომელიც თავიდან ეს გადაწყვეტილება მიიღო შეჩერების თაობაზე, ის იყო წინააღმდეგი. დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს, რომელიც მიღებულ იქნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ანუ სახელმწიფოსა და „რუსთავი 2-ს“ შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმითი, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.