Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის საკითხის სტრასბურგში გასაჩივრების საფუძველი არ არსებობს


ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ვერ ხედავს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების რაიმე ნაწილში გასაჩივრების საფუძველს .

„შანსი ძალიან მიზერულია. მე გამოვრიცხავ, როგორც ერთი იურისტი... მე, ვთვლი, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი...ვთვლი, რომ დიდ პალატაში განსახილველად დასაშვები საფუძველიც არ არსებობს და იმედია, მალე შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინაიდან, მოგეხსენებათ, პირდაპირ დიდ პალატაში არ მიდის ეს საჩივარი. საჩივრის დასაშვებობის ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლოს შესაბამისმა სტრუქტურამ და ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებითაც იქნება ჩვენთვის დადებითი პასუხი“, - განაცხადა პაატა სალიამ იუსტიციის სახლში ოფიციალური განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

იუსტიციის სახლმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ სულ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი მითვისება“ იქნება ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

„ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრება ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი - ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს „რუსთავი 2“-ის საჩივარს და ჩათვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, გვარამიას შეფასებით, საქმე მთლიანად დაინგრევა.

„თუ ამ დროს ხალვაში უკანონოდ იქნება დარეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, დღეს, ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

XS
SM
MD
LG